32.091 მლრდ ლარის ბრუნვა პანდემიურ წელს - სათამაშო ბიზნესი 2020

2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 6.231 მლრდ ლარით, 2018 წელთან შედარებით კი 18.285 მლრდ ლარით მეტია. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 28%-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 23,7% იყო, 2018 წელს კი 16%.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 9 864 ადამიანი მუშაობდა, საშუალო ხელფასი 1 598 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 30.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2020 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 114.3 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 28% შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის - 37.9%-ით (43.355 მლრდ ლარის ბრუნვა 2020 წელს).

ცნობისათვის, 2018 წლიდან აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით. 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.

ელზა წიკლაური