სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან პროექტს იწყებს

სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან პროექტს იწყებს. "პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით. წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა. ინვენტარიზაციის შედეგად კი, შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატიზების პროცესები, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, სააგენტომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი 2013 წლის მარტიდან დაიწყო. აღიწერა თბილისის 15 რაიონი და გარდაბანის მუნიციპალიტეტის ნაწილი. შედეგად, თბილისში გამოვლინდა 625, ხოლო გარდაბანში 122 აღურიცხავი სახელმწიფო ობიექტი (აღმოჩენილი ობიექტების საერთო ფართობი დაახლოებით 5,5 მილიონი კვ.მ). აღნიშნული ქონების პრივატიზებიდან შემოსავალმა კი გასულ წელს 3 მილიონი ლარი შეადგინა.  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინვენტარიზაციის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს სააგენტოს სამხარეო ცენტრებში 14, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე 3 ორკაციანი მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებას.

"ჯგუფები აღჭურვილი იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ინვენტარიზაციისთვის საჭირო გეოლოგიური, გეოფიზიკური ხელსაწყოებით. სწორედ აღნიშნული მობილური ჯგუფებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით სააგენტომ წელს დამატებით შეისყიდა ”ტოიოტასა” და ”სუძუკის” მარკის ექვსი ავტოსატრანსპორტო საშუალება და ასაზომი ინვენტარი, საერთო ღირებულებით 1 014 847 ლარი. გასულ წელს მობილური ჯგუფების აღჭურვისთვის სააგენტოს მიერ დაიხარჯა 522 531 ლარი, ”რენოს” მარკის ექვსი ავტომობილისა და ასაზომი ინვენტარის შესაძენად", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში დასაქმებული 16 ადამიანის გარდა, შეირჩევა და გადამზადდება დამატებით 32 ახალი შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ინვენტარიზაციის პროცესს და აზომვით სამუშაოებს. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, გარდა არასასოფლო დანიშნულების ქონებისა, მოხდება სასოფლო დანიშნულების მიწების აღწერა, რაც ქუმსიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიზნების მიღწევას დაეხმარება. ქონების ინვენტარიზაციის პროექტი უკვე დაწყებულია და 2016 წლისთვის დასრულდება.