Volvo Cars-ი შესაძლოა, IPO-ზე 25 მილიარდ დოლარად შეფასდეს

შვედური საავტომობილო კომპანია Volvo Cars, რომლის მფლობელია ჩინური საავტომობილო ჰოლდინგი Zhejiang Geely Holding Group, ასრულებს კომპანიის აქციების პირველადი განთავსების - IPO-ს პროცედურას სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. ლისტინგის შესახებ დეტალები უახლოეს მომავალში გაცხადდება - წერს The Wall Street Journal со.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის საფონდო შეფასებამ, შესაძლოა, 25 მილიარდი დოლარი შეადგინოს. WSJ წერს, რომ ამ დროისთვის უცნობია კომპანიის რომელი წილი გავა IPO-ზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ლისტინგის შემდეგაც მის მთავარ აქციონერად დარჩება ჩინური Geely.

25 მილიარდ დოლარად შეფასების შემთხვევაში კი ამ კომპანიის კაპიტალიზაცია უფრო დიდი იქნება, ვიდრე ფრანგული Renault SA-ს, ეს მაშინ როცა შვედები ბევრად ნაკლებ ავტომობილს ყიდიან, ვიდრე ფრანგები.

2021 წლის პირველ ნახევარში კომპანიის გაყიდვები 41%-ით არის გაზრდილი და შეადგენს 380 757-ს. გასულ წელს კი კომპანიამ ჯამში გაყიდა 661 713 ავტმობილი, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 6,2%-ით ნაკლები იყო.

Volvo 1927 წელს დაარსებული კომპანიაა და დღეისათვის ავტომობილებს ყიდის მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. იქ 40 ათასი ადამიანია დასაქმებული. შვედური ბრენდი ფინანსური პრობლემების გამო Ford Motor-მა 2010 წელს 1,8 მილიარდ დოლარად მიყიდა Geely-ის. 2030 წლიდან კი შვედები მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას გეგმავენ.

კოკა კვირკველია