მომავლის ფერმები მიწა-წყლის გარეშე - ამერიკულ სტარტაპს 21-ე საუკუნის სოფლის მეურნეობაში რევოლუციის მოხდენა სურს

Iron Oxa ავტონომიური სოფლის მეურნეობის ამერიკული სტარტაპია, რომლის ტექნოლოგიაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანას მიწის, წყლისა და ენერგიის მინიმიზაციით ცდილობს. სტარტაპი სანფრანცისკოს რეგიონ Bay Area-ში არის დაფუძნებული და „ჩაკეტილ სისტემას“ იყენებს, რაშიც რობოტიზირებული სათბურები იგულისხმება.

მასში მოსავლის მოყვანისა და აღების დაპატენტებულ ტექნოლოგიებს იყენებენ. კომპანია ცდილობს, ჩვეულებრივ ფერმაში მოყვანილი მოსავლის ანალოგიური პროდუქცია გარემოზე მნიშვნელოვნად მცირე დამოკიდებულებით მიიღოს. შექმნას მოდელი, რომელზეც, სტანდარტულ მიწათმოქმედებასთან შედარებით, სეზონური ცვლილებები გავლენას ვერ მოახდენს.

Iron Oxa-ში ამტკიცებენ, რომ მათ სისტემაში, ტრადიციულ სოფლის მეურნეობასთან შედარებით, 90%-ით ნაკლები წყალი გამოიყენება. ასეთი სისტემები, ასევე, პროცესის ყოველ ეტაპზე მონაცემების ინტეგრირებას ახდენენ და მოსავლის მოყვანაზე ინფორმაციის მნიშვნელოვან ბაზას ქმნიან, რომ მომავლისთვის მოსავლიანობა კიდევ უფრო გაზარდონ.

„მსოფლიო დონის ინვესტორებმა კარგად იციან, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი მისწრაფება კლიმატის ცვლილებების შემობრუნებაა. ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ეკოლოგიური კულტურებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიებს, რათა მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად მიწის, წყლისა და ენერგიის გამოყენება შევამციროთ. Iron Oxa-ის გუნდი მანამდე არ გაჩერდება, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს გრძელვადიან მისიას, შევამციროთ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი სამეწარმეო სექტორში,“ - აცხადებს Iron Oxa-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ბრენდონ ალექსანდერი.

მისი თქმით, Iron Oxa არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მოსახლეობის მატების, კლიმატური ცვლილებების, მუშახელის უკმარისობისა და სხვა მზარდი პრობლემების ფონზე 21-ე საუკუნეში სოფლის მეურნეობაში რევოლუციის მოხდენას გეგმავს. სტარტაპის მიზანი მსხვილი დახურული ფერმებისა და საველე რობოტექნიკის განვითარებაა. სექტემბრის ბოლოს კომპანიამ 53 მლნ დოლარით სერია C-ს საინვესტიციო რაუნდი გახსნა, რასაც Breakthrough Energy Venture ხელმძღვანელობდა და რამაც Iron Oxa-ს 93 მლნ დოლარის დაფინანსება მოუტანა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ