სენაკის რაიონული პროკურატურის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სენაკის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების მქონე, განახლებული შენობა გახსნა. პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი, გიორგი გაბიტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიორგი მიქაია და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სენაკის რაიონულ პროკურატურაში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სენაკის რაიონული პროკურატურა ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტით განხორციელდა, მასში განთავსებულია სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვნებზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო.

„ადმინისტრაციულ შენობაში გაკეთდა არასრულწლოვნებზე მორგებული შესაბამისი გარემო. კერძოდ, გამოსაკითხი ოთახი, რომელიც შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს და მიმართულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისკენ" -განაცხადა სენაკის რაიონულმა პროკურორმა ბესო ქვარცხავამ.