ათობით მსოფლიო ლიდერის, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებები და უცხო თვალისგან დამალული ქონება საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა იმ ფინანსური დოკუმენტების მასშტაბური "გაჟონვით“, რაც მსოფლიოს ისტორიაში მომხდარი მსგავსი შემთხვევებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ახალი ოფშორული დოკუმენტების დოსიე Pandora Papers-ის სახელწოდებით მოინათლა.
ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ეგიდით, 650-ზე მეტმა ჟურნალისტმა მილიონობით ფაილი შეისწავლა, რომლებშიც ფიგურირებს რიგი ქვეყნების ათობით ყოფილი და მოქმედი ლიდერი, ასევე მათი "ჩინოვნიკები".
დოკუმენტებით ირკვევა, თუ რა კავშირებია რუსეთის პრეზიდენტსა და მონაკოში არსებულ საიდუმლო აქტივებს შორის და მიუთითებს იმაზე, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს, რომელსაც ერთ კვირაში არჩევნები უწევს, თავისი ოფშორული კომპანია თურმე დარეგისტრირებული არ ჰქონია. არადა, იმ კომპანიის მეშვეობით საფრანგეთის სამხრეთში, "ლაჟვარდოვან ნაპირზე“ ორი ვილა შეუძენია...
ახალი დოსიე აგრძელებს ბოლო 7 წლის ტრადიციებს, როცა საჯარო სივრცეში რამდენჯერმე მოხდა ფინანსური დოკუმენტების "გაჟონვა“ ოფშორებიდან. მათგან ყველაზე ცნობილებია FinCen- ი, Panama Papers- ი და LuxLeaks- ი.
Pandora Papers-ის "გაჟონვის“ წყალობით ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის მედია-პარტნიორებმა, მათ შორის ბი-ბი-სი-ს გადაცემა "პანორამამაც“, იმ კომპანიების 12 მილიონი დოკუმენტის გაცნობის უფლება მიიღეს, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას ეწევიან ოფშორულ იურისდიქციებში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს, ლოიალური ანგარიშგება და რეგისტრაციის გაიოლებული წესი არსებობს.
დოკუმენტების "გადინება“ მოხდა იმ კომპანიებიდან, რომლებიც არსებობენ, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბელიზში, სინგაპურში, გაერთიანებულ არაბულ საემიროებში და შვეიცარიაში.
ვლადიმერ პუტნის გარემოცვა: კრივონოგების ბინა მონაკოში
დოსიე შეიცავს დოკუმენტებს, რომლის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონების ნაწილი დამალულია მონაკოში - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბი-ბი-სი-ს გადაცემა "პანორამას“ რეპორტიორები, რომლებმაც Pandora Papers-ის ფაილები შეისწავლეს. მათ მიაკვლიეს, რომ მონაკოში მდებარე სვეტლანა კრივონოგის აპარტამენეტებს კავშირი აქვთ იმ კომპანიასთან, რომელსაც გენადი ტიმჩენკო და პეტრე კოლბინი უწევდნენ მომსახურებას. სამივეს იმ ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვაში შედიან.
დოკუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ მონაკოში მდებარე ბრწყინვალე, მდიდრული აპარტამენტები, რომლებიც ნავსადგურს გადაჰყურებს, სვეტლანა კრივონოგს ეკუთვნის, რომელმაც შენობა 2003 წელს შეიძინა 3,6 მილიონ დოლარად.
ერთი წლის წინათ გამოცემა "პროექტმა“ (რომელიც მოგვიანებით აკრძალეს), სვეტლანა კრივონოგი ვლადიმერ პუტინის [საყვარელ ქალად] მიიჩნია და 2003 წელს დაბადებულ გოგონას დედად. ამის თაობაზე დასმულ კითხვებს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა არაერთხელ უპასუხა და აცხადებდა, რომ აღნიშნულ ქალზე არაფერი იცის.
როგორც Pandora Papers-ის დოსიე აჩვენებს, სვეტლანა კრივონოგის საქმეებით მონაკოში კომპანია Moores Rowland იყო დაკავებული. მის კლიენტებს შორის იყო გენადი ტიმჩენკოც და აწ უკვე გარდაცვლილი პეტრე კოლბინი. მოგვიანებით ორივე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა, როგორც ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წარმომადგენლები.
Pandora Papers-ის დოსიესთან დაკავშირებით გენადი ტიმჩენკოს იურისტებმა განაცხადეს, რომ მათ კლიენტს კანონები არასდროს არ დაურღვევია, ხოლო Moores Rowland-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი გულმოდგინედ აწარმოებენ ხოლმე თავიანთი ახალი კლიენტების შეფასებებს და მუდამ დადგენილი წესების ჩარჩოებში მოქმედებენ. ცალკეული კლიენტების საქმეების კომენტირება კი მათ არ შეუძლიათ, კონფიდენციალური გარემოებების გამო.
ბრიტანული უძრავი ქონება - მაგნიტი ილჰამ ალიევის ოჯახისათვის
ზოგიერთი სახელი, რომელსაც დოსიეში ვხვდებით, უკვე იყო ადრეც სხვა მასალებში მოხსენიებული იმ ეჭვების გამო, რომლებიც გაჩნდა მათი მხრიდან კორუფციაში, "ფულის გარეცხვასა“ და გადასახადებისაგან თავის არიდებაში მონაწილეობის გამო. Pandora Papers-ის დოსიეს სიახლე ისაა, რომ მსგავსი ფაქტები კვლავ გრძელდება დიდ ბრიტანეთში, რომლის ხელისუფლება არ ქმნის უძრავი ქონების ოფშორული მფლობელების რეესტრს, საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად.
მხოლოდ ერთი მაგალითი: როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოჯახს საკუთარი ქვეყნის გაძარცვაში ადანაშაულებდნენ. Pandora Papers-ის მიხედვით კი მართლაც ცხადი ხდება, რომ ილჰამ ალიევმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა მართლაც განახორციელეს გარიგებები დიდ ბრიტანეთში, უძრავი ქონების სფეროში, დაახლოებით 400 მილიონი გირვანქა სტერლინგის (თითქმის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის) მოცულობით.
ილჰამ ალიევის ოჯახის მიერ განხორციელებული ზოგიერთი გარიგების გამო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სირცხვილისაგან უნდა გაწითლდეს: მაგალითად, აზერბაიჯანის ლიდერის ოჯახმა, როგორც ჩანს, 30 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგი მოიგო ერთ-ერთი საკუთარი შენობის გაყიდვით Crown Estate-ში ("დედოფლის სამფლობელოში“), რომელიც უძრავი ქონების და მიწის მფლობელთა იმპერიას წარმოადგენს, ეკუთვნის დედოფალს, მაგრამ იმართება მისი ქვეშევრდომების ინტერესების მიხედვით.
როგორ გახდა ალიევის 11 წლის ბიჭი ლონდონური სახლის მფლობელი
Pandora Papers-ის დოსიე შეიცავს იმის ცნობასაც, თუ როგორ შეიძინა აზერბაიჯანის ლიდერის ილჰამ ალიევის ოჯახმა 17 ობიექტი დიდ ბრიტანეთში, მისი 11 წლის ვაჟის - ჰეიდარის საოფისე შენობის ჩათვლით (რომლის ფასი - 33 მილიონი გირვანქა სტერლინგია).
შენობა მდებარეობს ლონდონის ყველაზე ძვირ და მდიდრულ რაიონში - მეიფერში. ის შეძენილია კომპანია Mallnick Holdings - ის მეშვეობით, რომელიც 2009 წლიდან ალიევის ოჯახს ეკუთვნოდა, ყიდვიდან ერთი წლის შემდეგ კი ჰეიდარის სახელზე გადააფორმეს.
ფინანსური დოკუმენეტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ იმავე რაიონში არსებული სხვა საოფისე შენობები, ალიევების ოჯახმა 2018 წელს Crown Estate-ში 66 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა. "დედოფლის სამფლობელოდან“ მიღებული შეტყობინების თანახმად, თავის დროზე, ყიდვის წინ, ყველაფერი კანონის მიხედვით განხორციელდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ამჯერად დამატებითი შემოწმება მაინც მიმდინარეობს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, თავის მხრივ, დამარწმუნებლად განაცხადა, რომ მუდმივად ებრძვის ფულის გარეცხვას კანონების გამკაცრების გზით და მალე დაამტკიცებს უძრავი ქონების ოფშორულ მფლობელთა რეესტრს, როგორც კი კანონმდებლები თავიანთ გრაფიკში ამისთვის დროს იპოვიან.