McDonald's-მა სარეკლამო რგოლში სამმეტრიანი ლანგარი გამოიყენა

ბელგიაში McDonald's-მა, სარეკლამო სააგენტო TBWA-სთან ერთად, სახუმარო რეკლამა ჩაუშვა, რომელშიც მომხმარებლები სამმეტრიან საჭმლის ლანგარს იყენებენ. ინფორმაციას The Drum ავრცელებს. ამით სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შენობაში ჭამა ცოტა უფრო უსაფრთხო გახდა.

ვიდეოში ნაჩვენები „ძალიან, ძალიან, ძალიან ... ძალიან გრძელი ლანგარი“ პანდემიური იზოლირებისა და სოციალური დისტანციის ხანგრძლივი დღეების სიმბოლოს წარმოადგენს, რასაც ვიდეორგოლში, პირობითად, „მე“-დან „ჩვენ“-ზე გადასვლა ეწოდა.

„ლანგარი ყოველთვის ინდივიდუალური გამოყენების საგანს წარმოადგენდა, მაგრამ 2021 წლის ზაფხული იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, ამ საკულტო ნივთს ახალი, უფრო სოციალური მნიშვნელობა მინიჭებოდა,“ - ნათქვამია TBWA/Belgium-ის განცხადებაში.

მართალია, სამმეტრიანი ლანგარი გამოსაყენებლად არაპრაქტიკულია, მაგრამ, პორტალის შეფასებით, კომპანიას სურს, აჩვენოს, რომ მაშინაც კი, როცა ასეთი ლანგარით კლიენტების მაგიდამდე პროდუქტის მიტანა, თითქმის, შეუძლებელია, რესტორნების ქსელი „მომხმარებლების დაკმაყოფილებას" აგრძელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ