სამინისტროები, სადაც 2022 წელს დასაქმებულთა რიცხვი იზრდება/მცირდება - ბიუჯეტის პროექტი

2022 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი იზრდება, ამასთან, იზრდება სახელფასო ფონდიც. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 1.653 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც 2021 წელთან შედარებით 17.1 მლნ ლარით მეტია (2021 წელს 1.636 მლრდ ლარი). რაც შეეხება მომუშავეთა რიცხოვნობას, თუ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული იყო 112 605 ადამიანი, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა 112 712 ადამიანი იქნება.

სამინისტროები, სადაც დასაქმებულების რაოდენობა და სახელფასო ფონდი იცვლება:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2022 წლისთვის მომუშავეთა რიცხოვნობა 5 091-მდე იზრდება, მაშინ როცა 2021 წლის გეგმის მიხედვით 5 069 მომუშავე ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია შრომის ანაზღაურების ზრდაც, კერძოდ, პროექტის მიხედვით სამინისტროში დასაქმებულთან ანაზღაურება 84. 923 მლნ ლარამდე იზრდება, მაშინ როცა 2021 წლის გეგმა 79.984 მლნ ლარს შეადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არ იცვლება დასაქმებულთა რაოდენობა. 2021 წლის ანალოგიურად, გაისადაც უწყებაში 2 877 ადამიანი იმუშავებს. თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, თუ 2021 წლის გეგმა შრომის ანაზღაურებას 41.099 მლნ ლარს შეადგენს, 2022 წელს ანაზღაურება 43.818 მლნ ლარამდე გაიზრდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაისად მომუშავე ადამიანების რიცხოვნობა არ იზრდება და ის 780-ს შეადგენს, თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება. კერძოდ, 2022 წელს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის 10.959 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება, მაშინ როცა 2021 წლის გეგმაში მხოლოდ 9.415 მლნ ლარია გამოყოფილი.

თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელად 40 646-ზე რჩება. თუმცა მკვეთრად იზრდება შრომის ანაზღაურება. კერძოდ, თუ 2021 წელს დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 426.122 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2022 წელს ანაზღაურებაზე გაცილებით მეტი 432.337 მლნ ლარი გამოიყოფა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელად 30 500-ზე რჩება. მაგრამ სხვა სამინისტროების მსგავსად აქაც იზრდება შრომის ანაზღაურება. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შრომის ანაზღაურების 531.026 მლნ ლარამდე ზრდას ითვალისწინებს იმ ფონზე, როცა 2021 წლის გეგმა 525.200 მლნ ლარს მოიცავდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომუშავე ადამიანების რაოდენობა იზრდება 53-ით და 3 627-ს შეადგენს. შესაბამისად, იზრდება ანაზღაურებაც 50.431 მლნ ლარამდე. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს შრომის ანაზღაურებისთვის 48.240 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობა 23 კაცით იზრდება და 2022 წლისთვის 1 520 კაცს შეადგენს. ამასთან, საინტერესოა, რომ მიუხედავად დასაქმებული ადამიანების ზრდისა, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები მცირდება, კერძოდ, მომავალი წლისთვის შრომის ანაზღაურებაზე 24.926 მლნ ლარია გამოყოფილი, მაშინ როცა 2021 წლის გეგმა 26.087 მლნ ლარს მოიცავს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობა მცირდება 6 916-დან 6 901-მდე. თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გაწული ხარჯები 65.465 მლნ ლარამდე. ზრდა წინა წელთან შედარებით 3 მლნ ლარზე მეტია.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, მომუშავე ადამიანების რაოდენობა 5 168-ს შეადგენს უცვლელად, ხოლო მათი ანაზღაურება ფაქტობრივად, უცვლელად 46.600 მლნ ლარზე რჩება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომუშავე ადამიანების რაოდენობა 540-დან 524 მდე შემცირდება, თუმცა ანაზღაურება 13.222 მლნ ლარამდე გაიზრდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომუშავე ადამიანების რაოდენობა მცირდება 324-დან 318-მდე, თუმცა იზრდება ანაზღაურება უფრო კონკრეტულად, 8.980 მლნ ლარიდან 10.550 მლნ ლარამდე.

ცნობისათვის, ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

ნოდარ სირბილაძე