ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ფოთში იგეგმება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას არა სუფსაში, არამედ ფოთში იგეგმება.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა ნავთობკორპორაციის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ჭანტურიას მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენება იგეგმება. ერთ-ერთი პროექტი კი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ წუთებში საქართველოს მთავრობას გამოცხადებული აქვს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა, რომელიც უნდა განხორციელდეს ფოთში, კონკრეტულად კი ნაბადის კუნძულის ტერიტორიაზე. ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტაცია ატვირთულია ეკონომიკის, ენერგეტიკის სამინისტროებისა და საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდებზე.

"ჩვენ ველოდებით ინვესტორებისგან ინტერესთა გამოხატვას კონკრეტულად აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბატონ გიას განცხადებას, ეს არის მისი კონკრეტული განცხადებები. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მთავრობას ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება სუფსაში რომ გვდომოდა, მაშინ სუფსაში გამოვაცხადებდით, მაგრამ ჩვენ ინტერესთა გამოხატვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ფოთში გამოვაცხადეთ, კონკრეტულად კი კუნძულ ნაბადის ტერიტორიაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქარხანას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა. მან პირველი პროდუქცია 2019 წლის დასაწყისში უნდა გამოუშვას, ხოლო ამ პერიოდის მანძილზე კი უნდა გააკეთონ როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლა, ასევე უნდა წარმოადგინონ პროექტი, აიღონ ლიცენზია და ააშენონ. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეს არის დასაქმებული ადამიანები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ.

ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტერესთა გამოხატვის პროცესში არის შეკითხვებისა და პასუხების პერიოდი, ბევრი ინვესტორი სვამს შეკითხვას და იღებს პასუხს.

კითხვაზე, გამოხატა თუ არა ინტერესი რუსულმა მხარემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა უპასუხა - "მე არც ერთი შეხვედრა არც ერთ რუსულ მხარესთან არ მქონია".

რუსული მედიის ცნობით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალმა sukhum-moscow.ru, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ წერს, პროექტის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით გაავრცელა.