გიორგი პერტაია ტალინში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 4-6 ოქტომბერს ტალინში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი იმართება. ღონისძიებას 13 ქართული კომპანიის 17 წარმომადგენლი და 26 ესტონური კომპანია ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

ფორუმის მონაწილე ესტონურ ბიზნეს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნეს შესაძლებლობები სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გააცნო. თავის მხრივ, ესტონეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა მაიტ პალტსმა ისაუბრა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიზნეს-დიპლომატიის დირექტორმა ჰეიტი მაემესმა.

„ბიზნეს ფორუმის მიზანია საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარება, სადაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის ინტერესების გათვალისწინებით შეხვედრები დაგეგმილია ესტონეთის ინოვაციისა და ბიზნესის ცენტრებში, ასევე, ელექტრონული მომსახურების სერვისების შესწავლის მიზნით ესტონეთის ელექტრონული მომსახურებისა და ტექნოპოლის სამეცნიერო ცენტრებში.

ბიზნეს ფორუმში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საინფორმაციო ტექნოლოგიების, კონსერვირებული საკვები პროდუქტების წარმოების, სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.