თამარ გაბუნია - სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ჯერჯერობით განსახილველი თემა არ არის და არის იმის რესურსი, რომ სოფლად მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებაში დაარწმუნონ.

მისი თქმით, უწყება აქტიურ მუშაობას გააგრძელებს იმ მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ კიდევ არ აცრილან.

„ჩვენ საბჭოს ფორმატში ამ კვირაში ვიმსჯელებთ. ამ კვირაში იგეგმება უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭოს სხდომის ჩატარება. ვფიქრობთ, ჯერჯერობით არის რესურსი, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ნაკლები იყო აქტივობა საინფორმაციო კამპანიის კუთხით, ასევე ოჯახის ექიმების რესურსი იმისთვის, რომ მათ გაეკეთებინათ მოსახლეობის აქტიური მოზიდვა. ასე რომ, ჯერ კიდევ საჭიროა საგანმანათლებლო მუშაობა, ოჯახის ექიმების აქტიური კომუნიკაცია მათთან რეგისტრირებულ პირებთან იმისთვის, რომ მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მეტად აქტიური ზომები, როგორიც იქნება მაგალითად, მწვანე საშვი, რასაც იყენებს ძალიან ბევრი ქვეყანა, უფრო აქტუალურია ქალაქის ტიპის დასახლებებში. ქალაქებში ჩვენ ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოცვის მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ის სამიზნე, რომლის მიღწევაც გვინდა და დაგეგმილია წლის ბოლომდე. ამაზე კონსულტაციები იმართება და მომავალშიც გაიმართება.

გარკვეული ბიზნესებისგან ნებაყოფლობით, იმისთვის, რომ მოქალაქე მოხვდეს გასართობ ღონისძიებაზე, ბარში, რესტორანში, უკვე არის ეს მოთხოვნა, რომ ერთ-ერთი პირობის დაკმაყოფილება მოეთხოვებათ - აცრა, გადატანილი ინფექციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან pcr ტესტი. სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულია პირის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე და გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებამდე უფრო სწრაფად მივიდნენ, ვინც ჯერ კიდევ აუცრელი დარჩა“, - განაცხადა გაბუნიამ.