ევროკავშირში წიაღისეული საწვავის რეკლამის აკრძალვას მოითხოვენ

ევროკავშირის ოცზე მეტი გარემოსდაცვითი და კლიმატური ჯგუფი წიაღისეული საწვავის დაფინანსებისა და რეკლამის აკრძალვას თამბაქოზე დაწესებული აკრძალვების ანალოგიურად მოითხოვს. ინფორმაციას სააგენტო AR ავრცელებს.

Greenpeace-ის 80-ზე მეტმა აქტივისტმა ჰოლანდიის პორტ როტერდამში მდებარე Shell-ის ქარხნის შესასვლელი დაბლოკა, რათა რეკლამის აკრძალვაზე ე.წ. ევროპის სამოქალაქო ინიციატივის მიმართ საერთაშოორისო საზოგადოების ყურადღება მიექცია.

Greenpeace-მა საპროტესტო კამპანია გლაზგოში დაგეგმილ გაეროს კლიმატის სამიტამდე ერთი თვით ადრე წამოიწყო. თავის მხრივ, Shell-ში აცხადებენ, რომ, კომპანია მილიარდობით დოლარის ინვესტიციას „დაბალი ნახშირბადის ენერგიაში" დებს.

„Shell-ის ენერგიის გაყიდვების სტრუქტურის შესაცვლელად, ჩვენ ამ ახალი საწარმოების სწრაფი განვითარება გვჭირდება. ჩვენს მომხმარებლებს სწორედ რეკლამის ან სოციალური მედიის საშუალებით ვუკავშირდებით და დაბალი ნახშირბადის ენერგიაზე ახალ გადაწყვეტილებებს ვაცნობთ, რომ საქმის კურსში იყვნენ და როცა დრო დადგება, ახალ ენერგიაზე გადასვლა მარტივად შეძლონ,” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

წიაღისეულ საწვავზე რეკლამების აკრძალვის მოწოდებები ევროკავშირში სულ უფრო პოპულარული ხდება. წლის დასაწყისში, ამსტერდამის მეტროს ქსელში ე.წ. წიაღისეულ პროდუქტებთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება აიკრძალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ