ამირან გამყრელიძის თქმით, ამ კვირაში, იმუნიზაციის საბჭოზე, 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებსა და „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით ისაუბრებენ

საფრთხე არის იმიტომ, რომ მობილობა სერიულად გაიზარდა, დაიწყო სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამიტომ არის მუდმივად მოწოდება, რომ უნდა გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები და საერთოდ, უსაფრთხო დაწესებულებები,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოსახლეობას ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„მასწავლებელთა კორპუსში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ 80%-ზე ავიდეთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში. სტუდენტებში აცრის მაჩვენებელი 28%-ია, თუმცა, ზოგიერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში სტუდენტთა 50%-ზე მეტია აცრილი. ამიტომ, უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, აიცრან. საკმაოდ გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ჩემს კოლეგებში, ექიმებში, სადაც 78% გვაქვს ერთჯერადად აცრილების მაჩვენებელი, ხოლო 70% - ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში ვართ ექთნებში, 40%-ზე ნაკლებია უმცროს სამედიცინო პერსონალში, შედარებით მეტია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ე.წ.დელტა შტამისთვის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა საკმარისი არ არის და სასურველია, 80% იყოს.

„ამ კვირაში იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც სამეცნიერო კომიტეტის წევრები მისული ვართ კონსესუსამდე 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით, ასევე ე.წ. მესამე ანუ ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ესეც ამ კვირის განმავლობაში იქნება“,-განაცხადა გამყრელიძემ.