ონლაინ ძირითადად საქართველოს მოქალაქეები თამაშობენ. მათი უდიდესი უმრავლესობა კი დაბალშემოსავლიანი სეგმენტიდან არიან, რომლებიც ან ლუდომანიის ან ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თამაშობენ - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა სწორედ ონლაინ კაზინოებს უნდა შეეხოს, რადგან მიწის კაზინოში უმეტესად ის ადამიანები თამაშობენ, რომლებსაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვთ.
„წარმოუდგენელია, ტურისტი საქართველოში ონლაინ კაზინოში თამაშობდეს. თუ ვინმეს თამაში უნდა, წავა რეალურ, მიწის კაზინოში. ქვეყნების ნაწილში კი, საიდანაც ჩვენთან რეალურ კაზინოებში სათამაშოდ ჩამოდიოდნენ, ონლაინ სეგმენტიც შეზღუდულია. მე, პირადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მიწის კაზინოების. ვფიქრობ, რომ ონლაინ კაზინოები თუ შეიზღუდა და ამას მივაღწიეთ, მიწის კაზინოები უნდა დარჩეს, რათა სეგმენტმა იატაკ ქვეშა სივრცეში არ გადაინაცვლოს, რომელიც კიდევ უფრო არალეგალურია.
რეალურ კაზინოში დადის მომხმარებელი, რომელსაც აქვს შესძლებლობა პროდუქტის ყიდვის, რასაც ვერ ვიტყვით ონლაინ სივრცეზე. ონლაინ აზარტული თამაშების უდიდესი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. მათი უდიდესი უმრავლესობა კი დაბალშემოსავლიანი სეგმენტიდან, რომლებიც ან ლუდომანიის ან ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თამაშობენ. ოფიციალური სტატისტიკაა, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ბევრად პოპულარუილია აზარტული თამაშები“ - ამბობს კუკულაძე.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 6.231 მლრდ ლარით, 2018 წელთან შედარებით კი 18.285 მლრდ ლარით მეტია. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 28%-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 23,7% იყო, 2018 წელს კი 16%.