საბერძნეთის ფოსტამ ამანათების გაზრდილი რაოდენობის გამო ყვითელი რობოტები დაიხმარა

საბერძნეთის საფოსტო სამსახურს „თანამშრომლების“ ახალი შევსება აქვს: ყვითელი რობოტების ფლოტი, რომელიც გზავნილებს ახარისხებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

55 ერთეული პატარა, ოთხბორბლიანი ავტონომიური მართვის AMR რობოტი ხელოვნური ინტელექტით იმართება. ისინი ათენში, Hellenic Post-ის დახარისხების ცენტრში დაგორავენ და მათი წყალობით ხანგრძლივი სამუშაო ოპერაციები ჩქარდება.

რობოტები საფოსტო კოდს ასკანირებენ, წონიან პაკეტს და სენსორების მითითებით, მას შესაბამის საფოსტო ტომრებთან კალათაში ათავსებენ, რომლებიც პლატფორმის ირგვლივ არიან განლაგებული.

რობოტები სახელმწიფო საფოსტო კომპანიის ციფრული რესტრუქტურიზაციის პროგრამის ნაწილს წარმოადგენენ, რომლის მიზანია კორონაპანდემიის შედეგად ონლაინ მაღაზიების ამანათების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება.

„აქამდე დახარისხება ხელით ხდებოდა, რაც დიდი მოთხოვნის ფონზე ხშირად შეცდომების მიზეზი იყო, ეს კი მომხმარებლებისთვის მიწოდების შეფერხებასა და კომპანიისთვის ხარჯების ზრდას იწვევდა,“ - აცხადებს Hellenic Post-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ კონსტანტოპულოსი.

244619901-6850341954991558-3179294913279483531-n-1633437967.jpg

მისი თქმით, ამანათების დახარისხების სამუშაოს 80%-ს უკვე რობოტები ასრულებენ და საქმე სამჯერ უფრო სწრაფად სრულდება, რაც მომხმარებლებისთვის მეორე დღესვე მიწოდებას უზრუნველყოფს. რობოტებს შეუძლიათ, დღეში 168 000 ამანათს გაუმკლავდნენ, რომლებიც 15 კგ-მდე იწონიან. საჭიროა რობოტის მხოლოდ 5 წუთით დატენვა ყოველ 4 საათში.

„მიზანი არ არის მუშახელის რობოტებით ჩანაცვლება, პირიქით, ჩვენ ადამიანური პერსონალისა და მუშახელის ეფექტიანობის გაზრდა გვსურს,“ - აცხადებს კონსტანტოპულოსი.

მომაზადა ლადო სულაბერიძემ