ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც ბოლო 3 აუქციონზე სახელმწიფო ქონებაში მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს აგრძელებს. წელს სააგენტომ 5 აუქციონი უკვე ჩაატარა. ბოლო 3 აუქციონზე სახელმწიფომ ჯამში 53 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 47 სასოფლო-სამეურნეო სანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა.

ცნობისათვის, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველ აუქციონებზე სულ 109 ქონება გაიყიდა. მეორე აუქციონზე კი გამოტანილი 189 ქონებიდან, 27 გაიყიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიოს მიწის ნაკვეთებს და ქონებას, რომლებიც ბოლო 3 აუქციონზე მილიონ ლარზე ძვირად გაიყიდა:

  • ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა N58-ში არსებული 6923.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ქონება 1 115 000 ლარად შპს ბლექ სი თაუერსმა იყიდა. კომპანია 2020 წელს არის რეგისტრირებული. „ბლექ სი თაუერსის“ 90%-ს ლევან ხიმშიაშვილი, 10%-ს კი ედვარდ ხიმშიაშვილი ფლობენ.
  • შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი შპს საქართველომ 1 700 850 ლარად იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანია 2019 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი არის გურამ დუმბაძე.
  • ქალაქ რუსთავში, XXI მიკრო/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 56098.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაიყიდა 3 369 000 ლარად. სახელმწიფო ქონება შპს „მოდერნ თაუერმა“ იყიდა. კომპანია 2019 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის 33,3%-იან წილს თეიმურაზ შუკაკიძე ფლობს. ის არის ასევე „„მოდერნ თაუერის“ დირექტორიც. კომპანიის 33,3%-ს აბილახ მურადოვი და 33,4%-ს და რობერტ მაშაევი ფლობენ.
  • ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N21-ში მდებარე 36191.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების და 702.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაიყიდა 1 729 300 ლარად. ქონება შპს-მ ქართული დეველოპერული კომპანია იყიდა. კომპანია 2010 წელს არის დაფუძნებული. რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიის 80%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული შპს ალპფორდიო სერვისიზი ფლობს. 6,736%-იან წილის მფლობელია ასევე კვიპროსში, ნიქოზიაში რეგისტრირებული შპს მანდალორ ლიმითიდი. 6,522%-ის ეკუთვნის უტა მაზიაშვილს, 3.742% - ვლადიმერ დარჩიაშვილს და 3% დავით ალავიძეს.
  • ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირი N 19-ში (ნაკვ. 3/319) მდებარე 23115.10 კვ.მ. და 2843.87 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ქონება 1 058 000 ლარად შპს გლ გრუპმა იყიდა. კომპანია 2021 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული. გლ გრუპის 50-50%-იან წილს ლევან გოგოლაძე და გურამ ლიკლიკაძე ფლობენ, ამ უკანასკნელს კომპანიის დირექტორის პოსტიც უკავია.
  • ქალაქ ბათუმში არსებული 10901.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაიყიდა 1 155 000 ლარად. სახელმწიფო ქონება შპს ბეემვემ შეიძინა. რეესტრის მიხედვით, კომპანია 2019 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 25%-იან წილს ვაჟა ჯანაშვილი ფლობს. ამდენიმე წილის მფლობელები არიან - მინდია ვარშანიძე, რევაზ ტაბატაძე და ოთარ ვარშანიძე.
  • ქალაქ ფოთში, მალთაყვაში მდებარე 55000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაიყიდა 1 242 500 ლარად. სახელმწიფო ქონება შპს გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ იყიდა. კომპანია 2017 წელს არის რეგისტრირებული. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში დაფუძნებული GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED-ი ფლობს. საქართველოში კომპანიას 2 დირექტორი ჰყავს - კახა ამისულაშვილი და რევაზ მაისურაძე.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წოდორეთში მდებარე 34341.00 კვ.მ. და 6648.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - გაიყიდა 2 713 500 ლარად. სახელმწიფო ქონება ფიზიკურმა პირმა - ზაურ ცხადაძემ შეიძინა.
  • ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ არსებული არსებული 4404 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N5 შენობა-ნაგებობები - სახელმწიფო ქონება ფიზიკურმა პირმა გელა კაცლოევმა 3 235 000 ლარად იყიდა.
  • ქალაქ ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ არსებული 2298.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ეს სახელმწიფო ქონება 19 155 000 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი კი 3 600 000 ლარი იყო. ქონება შპს REAL PALACE-მ იყიდა. კომპანია 2011 წელს არის რეგისტრირებული. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 34%-იან წილს ჯუმბერ ზოიძე ფლობს, 33%-ს თამაზ ბექაია, რომელიც საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეცაა, 33%-ს ფლობს ზურა ხიმშიაშვილი. კომპანიის დირექტორია ედნარ ხიმშიაშვილი.

ცნობისთვის,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პროაქტიული გაყიდვებისა და ეკონომიკურ ბრუნვაში ეფექტურად ჩართვის მიზნით დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს „100 ახალ საპრივატიზებო ქონება“ თავდაპირველად 2019 სექტემბერში შესთავაზა. მას შემდეგ აუქციონები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა.