ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირმა Pandora Papers-ის შემდეგ „შავი სიიდან“ ამოიღო

ევროკავშირმა ანგილია, დომინიკა და სეიშელის კუნძულები საგადასახადო თავშესაფრების „შავი სიიდან“ ამოიღო, რადგან ისინი თავიანთი საგადასახადო სისტემის გადახედვაზე დათანხმდნენ. ეს Pandora Papers-ის დოკუმენტების გამოძიების კრიტიკის ფონზე მოხდა.

ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ანგილია, დომინიკა და სეიშელის კუნძულები ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა ლუქსემბურგის შეხვედრაზე ე.წ. ნაცრისფერ სიაში გადაიყვანეს.

ევროკავშირის „შავი სია“ გადასახადებისგან მასიურად თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ რეგულარულად ახლდება. მასში ანგილია, დომინიკა და სეიშელის კუნძულები იმიტომ მოხვდნენ, რომ ისინი საგადასახადო გამჭვირვალობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ.

ცხრა „იურისდიქცია“ ე.წ. არაკოოპერატიულ „შავ სიაში“ რჩება: ამერიკის სამოა, ფიჯი, ჰავაი, პალაუ, პანამა, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები და ვანუატუ.

„ნაცრისფერ სიაში“ ანგილია, დომინიკა და სეიშელის კუნძულები ახლა უკვე იმ ადგილებად არის დასახელებული, სადაც საერთაშორისო საგადასახადო ყველა სტანდარტი ჯერ კიდევ არ არის დაცული, მაგრამ საგადასახადო ადმინისტრირების პრინციპებს ექვემდებარებიან.

„ნაცრისფერ სიას,“ ასევე, დაემატა კოსტა რიკა, ჰონგ კონგი, მალაიზია, ჩრდილოეთ მაკედონია, კატარი და ურუგვაი, ხოლო ავსტრალია, ესვატინი და მალდივები, საგადასახადო სისტემის რეფორმირების შემდეგ, სიიდან ამოიღეს.

Pandora Papers შეიცავს ინფორმაციას ოფშორულ სქემებში არაერთი მსოფლიო ლიდერის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიება 35-ზე მეტ ამჟამინდელ და ყოფილ პოლიტიკოსს, ასევე, ასამდე ქვეყნის 400 ოფიციალურ პირს ეხება.

გამოძიების მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკომისიამ საგადასახადო საკითხებში უფრო მეტ გამჭვირვალობასა და გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლას მხარდაჭერა აღუთქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ