ანტალიაში ავლანის ტბა დაშრა

თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პროვინცია ანტალიაში მდებარე ავლანის ტბა გლობალური დათბობისა და უპასუხისმგებლო სასოფლო-სამეურნეო ირიგაციის გამო მთლიანად დაშრა.

სააგენტო Hürriyet-ის შეფასებით, ნალექის ნაკლებობამ და სოფლის მეურნეობის არალეგალურმა სარწყავებმა ანტალიის ელმალის პროვინციაში 850 ჰექტარი მტკნარი წყლის ტბა უდაბნოდ აქცია.

„ტბა, რომელიც რეგიონის წყალმომარაგების მთავარ წყაროდ ითვლებოდა, დიდ საძოვრად გადაიქცა,“ - წერს Hürriyet.

სააგენტოს მონაცემებით, წყლების დაშრობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა გვალვამაც განაპირობა, რამაც გადამფრენ ფრინველებს საკვების პოვნა გაურთულა, ტბისპირა სოფელ გულტარლაში კი წყურვილს განიცდიან.

დამშრალ ტბასთან მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშანი დარჩა, რომელიც მიუთითებს, რომ ტბაში შესვლა აკრძალულია.

„მხოლოდ ტბის წყალი კი არა, მიწისქვეშა წყლებიც, თითქმის, გაქრა,” - აცხადებს სოფლის გამგებელი, დურმუშ სარიკაია.

ავლანის ტბის შემთხვევა უნიკალური არ არის, რადგან, როგორც Hürriyet წერს, არალეგალურ მორწყვას უკავშირებენ თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის სხვა ტბების დაშრობასაც. წყლის პრობლემა გაჩნდა, ასევე, კონიის დაბლობშიც, რომელსაც ქვეყნის „პურის კალათას“ უწოდებენ.

ციფრები აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილების გამო, ქვეყანაში ტემპერატურა სტაბილურად იზრდება, რაც წყლის რესურსების მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ