ესპანეთმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება დაამტკიცა

ესპანეთმა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მესამე, ე.წ. „ბუსტერ“ დოზის გამოყენება დაამტკიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ადამიანები ე.წ. ბუსტერ დოზის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან მინიმუმ 6 თვეა გასული.

დამატებითი დოზით ვაქცინაციის პროგრამა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება. ესპანეთში მოსახლეობის 78% სრულად ვაქცინირებულია. აღსანიშნავია, რომ მანამდე ქვეყანაში „ბუსტერ“ დოზის გამოყენება დასაშვები იყო კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.