ნათია თურნავა საერთაშორისო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მე-12 ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფორუმი თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება და მას 16 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია დაესწრება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ფორუმს ოფიციალურად გახსნის თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოგლუ.

„ფორუმზე განხილული იქნება რეგიონული თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და კომუნიკაციების სექტორებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ურთიერთობის ახალი სქემების გამართულ ფუნქციონირებაზე ტრანსპორტის სხვადასხვა დარგებში, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად ჩამოყალიბდა.

ფორუმზე სიტყვით გამოვა ნათია თურნავა, რომელიც საქართველოში მიმდინარე და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაციფროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომლის დროსაც დელეგაციები რეგიონული მნიშვნელობის მსხვილ სატრანსპორტო მარშრუტებსა და პროექტებს განიხილავენ.

თურქეთში ვიზიტის დროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვა ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ტრანსკასპიურ ოთხმხრივ მინისტერიალში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის დელეგაციებთან ერთად, განიხილავენ ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.