2022 წელს მთავრობა კოვიდხარჯებს ამცირებს

მთავრობა 2022 წელს კოვიდხარჯებს ამცირებს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად ამ მიმართულებით 500 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ეს კი 310 მილიონი ლარით ნაკლებია მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით. წელს ამ მიმართულებით 810 მლნ ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოყოფილია 1.733 მლრდ ლარი, რაც წლევანდელ წელთან შედარებით შემცირებულია 276.6 მლნ ლარით.

„შემცირება დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების საპროგნოზო მოცულობების შემცირებით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

COVID-19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500.0 მლნ ლარით (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 310.0 მლნ ლარით)“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

კოვიდხარჯებისგან განსხვავებით, 2022 წელს იზრდება საყოველთა ჯანდაცვის დაფინანსებაც. პროექტის მიხედვით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოყოფილია 820.0 მლნ ლარი (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 20.0 მლნ ლარით).

ცნობისათვის, ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.