ევროკავშირი ნატო-სთან ახალი ერთობლივი დეკლარაციით თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობის გაფართოებას გეგმავს

ევროკავშირი და ნატო 2022 წლის ივნისამდე ახალ ერთობლივ დეკლარაციას შეიმუშავებენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში გამართულ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირი თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობის გაფართოებას გეგმავს.

„იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ეფექტურები და აქტიურები ვიყოთ, ევროკავშირმა, როგორც ეკონომიკურმა ძალამ, უნდა გააფართოვოს ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა შარლ მიშელმა.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ენერგო, ციფრული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, სამრეწველო პოლიტიკის, ვაჭრობისა და ბაზრის გაძლიერების მიმართულებით ეცდება ბევრად მყარი გახდეს და სხვებზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს.