გოგიტა თოდრაძე გაეროს მსოფლიო მონაცემთა ფორუმში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე მსოფლიო მონაცემთა ფორუმში მონაწილეობს, რომელიც შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, 3-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიო მონაცემთა ფორუმი აერთიანებს სტატისტიკოსებს და ინფორმაციის მომხმარებლებს კერძო და სახელმწიფო სექტორიდან, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებიდან, ასევე მედიის, აკადემიის და სამოქალაქო საზოგადოებიდან.

„ფორუმი რამდენიმე თემატური მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორისაა უკეთესი მონაცემებისთვის ახალი შესაძლებლობების განვითარება, ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში, სტატისტიკური მონაცემებისადმი მომხმარებელთა ნდობის ამაღლება და სხვა.

ფორუმის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა - ანტონიუ გუტერეშმა, გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) დირექტორმა და ქ. ბერნის მერმა.

ოთხდღიანი ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძე მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში და სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება.

ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანის 1500-მდე წარმომადგენელი, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მაღალი თანამდებობის პირები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.