აშშ-ში ბამბის ფასი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა

აშშ-ში ბამბის ფასმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნულის მიზეზი კი ჩინეთის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნაა.

ICE ბირჟაზე ნედლ ბამბაზე ორშაბათს ფასი ფუნტზე 0,4%-ით, 1,05 დოლარამდე გაძვირდა, რაც ყველაზე მაღალი ფასია 2011 წლის სექტემბრის შემდეგ. ბოლო 5 სავაჭრო სესიის განმავლობაში კი ბამბის ფასი 18%-ითაა გაზრდილი.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აშშ-დან ჩინეთში ბამბის ექსპორტი მიმდინარე მარკეტინგული წლიდან (დაიწყო 1 აგვისტოს) 83%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უწყების პროგნოზით, ჩინეთში ბამბაზე მოთხოვნა მიმდინარე მარკეტინგულ წელს მეოთხედით გაიზრდება და მიაღწევს 8,9 მილიონ ტონას.

კოკა კვირკველია