PepsiCo-ს სასმელები მომავალი წლიდან ისევ გაძვირდება

კომპანია PepsiCo-ს პროდუქცია მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაძვირდება. კომპანიის განცხადებას Reuters ავრცელებს. ამით PepsiCo მიწოდების ჯაჭვის მზარდი პრობლემის გადალახვას ცდილობს, რაც მოიცავს ყველაფერს, დაწყებული Gatorade ბოთლების უკმარისობითა და სატვირთო მძღოლების დეფიციტით დამთავრებული.

„ჩვენ ბრძოლა მოგვიწია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში Gatorade ბოთლებისა და ქილების დეფიციტი შეგვევსო, რადგან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რესტორნებსა და კინოთეატრებში ჩვენს სასმელზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა,“ - აცხადებს კომპანიის ფინანსური დირექტორი, ჰიუ ჯონსტონი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში PepsiCo-მ თავის გაზიან სასმელებზე და სასმუსნავებზე ფასები ერთხელ უკვე გაზარდა. ამით კომპანიამ შეფუთული და დაფასოებული საკვები და სასმელი პროდუქტების ინდუსტრიის ზოგად სტრატეგიას აუწყო ფეხი, რადგან ნედლეულზე ფასების სწრაფი ზრდა რენტაბელობას მკვეთრად ამცირებს.

„მომავალი წლის პირველ კვარტალში ფასების გარკვეულ ზრდას ვგეგმავთ, რათა სასაქონლო ინფლაციის გავლენა ჩავკეტოთ,“ - აცხადებს ჰიუ ჯონსტონი, რომელიც მოელის, რომ მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნების უმრავლესობა წლის ბოლოსთვის ამოივსება.

დღეისთვის სატვირთო მძღოლების უკმარისობას, ბრექსიტის ახალი იმიგრაციული წესების გამო, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი განიცდის, რადგან გაერთიანებულმა სამეფომ ახალი მძღოლების სწავლებისა და ტესტირებისთვის ერთი წელი დაკარგა. ამან PepsiCo's UK-ის ბიზნესზეც სერიოზული გავლენა იქონია. თუმცა ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, სუპერმარკეტების დახლებზე პოდუქციის დეფიციტი არ იქნება.

„მეოთხე კვარტლის ბოლოსთვის უკეთეს ფორმაში ვიქნებით,“ - ამბობს ჯონსტონი.

4 სექტემბერს დასრულებულ მესამე კვარტალში PepsiCo-ს ორგანული შემოსავალი 9%-ით გაიზარდა, რომლის 5%-იც შედარებით ძვირი პროდუქციის გაყიდვების წილია. კომპანიის ხარჯმა 10%-ზე მეტად მოიმატა, რის მიზეზადაც მარკეტინგისა და გავრცელების ხარჯების ზრდა დასახელდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ