ჯანმო - მსოფლიოში გასულ კვირას კოვიდ 19-ით ინფიცირების 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 000-ზე მეტი ადამიანი

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 9 %-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 760 571 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 239 781 ახალი შემთხვევით, მესამე ადგილზეა თურქეთი, სადაც გასული კვირის განმავლობაში 197 277 ადამიანი დაინფიცირდა, აღნიშნულ ქვეყნებს კი რუსეთი და ინდოეთი მოჰყვებიან 165 623 და 161 158 ახალი შემთხვევით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 54 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ ფატალურ შემთხვევებზე 4 %-ით ნაკლებია. ამასთან, ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ.

„ალფა“ ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად“ მოიხსენებენ, მსოფლიოს დაახლოებით 195 ქვეყანაშია გამოვლენილი, „ბეტა“, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი 145 ქვეყანაში, - „გამა“, ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი - 99 ქვეყანაში. რაც შეეხება „დელტა“ შტამს, რომელიც „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, ამ დროისთვის ის მსოფლიოს 192 ქვეყანაშია დაფიქსირებული.