Amazon-მა დიდ ბრიტანეთში პოპულარული ნივთების მაღაზია გახსნა

Amazon-მა დიდ ბრიტანეთში თავისი ყველაზე პოპულარული ნივთების არასასურსათო მაღაზია Amazon 4-star გახსნა, სადაც საუკეთესო ანუ 4 ვარსკვლავზე მეტად შეფასებულ 2000-მდე პროდუქტს გაყიდის. BBC-ის ცნობით, მაღაზია დარტფორდთან ახლოს, ბიზნეს-ჰაისტრიტზე მდებარე Bluewater-ის სავაჭრო ცენტრში გაიხსნა.

ეს აშშ-ს საზღვრებს გარეთ Amazon 4-star-ის პირველი მაღაზიაა. თავად აშშ-ში კომპანიას 30-ზე მეტი ასეთი სავაჭრო ობიექტი აქვს გახსნილი. საქონლის ასორტიმენტი ინტერნეტში გამოფენილ პროდუქციას ასახავს, რაშიც შედის წიგნები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სათამაშოები, თამაშები, საშინაო ნივთები. მაღაზიაში არსებობს „ყველაზე სასურველი“ განყოფილებაც, სადაც მომხმარებელთა სურვილების სიიდან ყველაზე პოპულარული ნივთებია გამოფენილი. ციფრული ფასების ნიშნები ინტერნეტის ფასებთან იდენტურობის საჩვენებლად გამოიყენება და არ არის აუცილებელი, მყიდველს Amazon-ზე ანგარიში ჰქონდეს გახსნილი. ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მაღაზიიდან ინტერნეტით შეკვეთლი საქონელი გაიტანონ ან შეუფუთავი და უეტიკეტო პროდუქტი უკან დააბრუნონ.

BBC-ის შეფასებით, ელექტრონული კომერციის გიგანტ Amazon-ს ჰაისტრიტ-ქუჩის ბიზნესის, ანუ ტრადიციული საცალო ვაჭრობის მკვლელობასა და მცირე გადასახადების გადახდაში ხშირად ადანაშაულებენ.

„ახლა Amazon უკვე მათ მოედანზე იწყებს თამაშს,“ - იუწყება BBC.

საცალო ვაჭრობის ექსპერტმა, ნატალი ბერგმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ Amazon-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი „წმინდად ექსპერიმენტალურია“ და გიგანტის რეალური მიზანი ფიზიკური ვაჭრობით ონლაინ ვაჭრობის სტიმულირებაა.

„საქმე პროდუქტების რეკლამირებას კი არა, Amazon-ის ეკოსისტემაში მომხმარებლის გაბმას ეხება,“ - აცხადებს ნატალი ბერგი. მას უჭირს იმის თქმა, შეძლებს თუ არა ელექტრონული კომერციის გიგანტური საცალო მოვაჭრე ფუნდამენტური ამოცანის შესრულებას, ანუ ფიზიკური მაღაზიების მართვას.

„4-ვარსკვლავიანი კონცეფცია შესაძლოა, ცოტა დამაბნეველი და მოსაწყენიც აღმოჩნდეს. მაღაზიაში პროდუქტების ფართო ასორტიმენტი ციფრული მონაცემებით არის წარმოდგენილი, რაც ფიზიკურ საცალო ვაჭრობასთან Amazon-ის მეცნიერულ მიდგომას ასახავს, მაგრამ თუკი ყველაფერ ამას მაღალტექნოლოგიურ შტრიხებს გამოვაცლით, ის ნებისმიერ სხვა საცალო მოვაჭრისგან განსხვავებული არაფრით იქნება,“ - აცხადებს ექსპერტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ