ალიბაბა თავის ქსელში კრიპტო ვალუტების მომპოვებელი აპარატურის გაყიდვას კრძალავს

ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტი „ალიბაბა“ აცხადებს, რომ 8 ოქტომბრიდან საკუთარ ქსელში ციფრული ვალუტების მაინინგისთვის საჭირო აპარატურის გაყიდვებს აკრძალავს. გარდა ამისა, აიკრძალება ისეთი რესურსების გაყიდვა, რომლებიც ვირტუალური ვალუტების მოპოვების შესასწავლად გამოიყენება.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ მის ქსელში აიკრძალება ბიტკოინთან, ეთერიუმთან, ლაიტკოინთან და სხვა ციფრულ ვალუტების მოპოვებასთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაციის და რესურსის გავრცელება.

„ალიბაბას“ ასეთი მკაცრი ნაბიჯი არის შედეგი იმისა, რომ ჩინეთის სახალხო ბანკმა, კრიპტოვალუტების და მათთან დაკავშირებული ყველა სახის ტრანზაქცია აკრძალა. უფრო მეტიც, აკრძალვა ავტომატურად გავრცელდა ყველა ჩინურ კომპანიასა და მოქალაქეებზე. არალეგალური გახდა ციფრული ვალუტების ბაზრების საქმიანობა.

ჩინეთში მასობრივად დაიწყეს მაინინგისთვის განკუთვნილი აპარატურის კონფისკაცია. მაგალითად, პროვინცია შიდა მონღოლეთში, მომხმრებლებს ერთ დღეში, 10 ათასზე მეტი მოწყობილობა ჩამოართვეს. სულ კი ქვეყანაში ციფრული ვალუტების მომპოვებელი 45-ზე მეტი ფერმაა დახურული.