ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა.
ვაქცინა Mosquirix-ი ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა შექმნა და დამტკიცებამდე მას აფრიკის სამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ცდიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 30%-ს შეადგენს, საჭიროა 4 დოზა და მისი მიღების შედეგად წარმოქმნილი იმუნიტეტი რამდენიმე თვეში ქრება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ვაქცინა ყოველწლიურად აფრიკაში ათასობით ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ვაქცინის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.
„ამ ვაქცინის გამოყენებამ, მალარიის პრევენციის არსებულ საშუალებებთან ერთად, შეიძლება გადაარჩინოს ათიათასობით ახალგაზრდა სიცოცხლე ყოველწლიურად,” - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მალარიით აფრიკაში ყოველწლიურად 400 000-მდე ადამიანი იღუპება, მათი უმრავლესობა 5 წლამდე ბავშვია.