მეცხოველეობის პროდუქციის მწარმოებლები ვალდებულები არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება მოიპოვონ

2015 წლის პირველი იანვრიდან, ყველა ბიზნესოპერატორს ვალდებულება აქვს, ივნისამდე სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღიარების მოპოვებისთვის მიმართოს.

ამის შესახებ პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, 1 იანვრიდან ძალაში უკვე შევიდა სიახლეები, რომლებიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) უკავშირდება.

”ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა, რომელშიც უკვე განსაზღვრულია წლებით, თუ რა ნორმებს ვიღებთ ჩვენ და ევროკავშირის რა რეგულაციები გადმოგვაქვს. ამ მიახლოების ფარგლებში, 1 იანვრიდან სიახლეები უკვე შევიდა ძალაში. მინდა აღვნიშნო ბიზნესოპერატორების აღიარების თემა. მეცხოველეობის პროდუქციის მწარმოებლები და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან მოიპოვონ აღიარება. პირველი იანვრიდან პირობითი აღიარება აქვს ყველას, ვინაიდან ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული რეალობა ქვეყანაში და გვინდა, რომ ეს მძიმედ არ დააწვეს ბიზნესს და მათ ადაპტირებისთვის გარკვეული ვადა ჰქონდეთ. თუმცა, პირველი იანვრიდან, ყველას აქვს ვალდებულება, ივნისამდე მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღიარების მოპოვებისთვის. ამის შემდეგ, უკვე მათ ექნებათ 12 თვე, იმისთვის, რომ ის რეკომენდაციები, რასაც გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო ამ კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართ, გაითვალისწინონ”, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.