“დაახლოებით, 18 წლის ისტორიის შემდეგ დავტოვეთ” - MY.GE დამფუძნებლებმა დატოვეს

MY.GE მისმა დამფუძნებლებმა დატოვეს. ამის შესახებ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა გიგიტელაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„დაახლოებით 18 წლის ისტორიის შემდეგ დავტოვეთ MY.GE.

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მილიონობით მომხმარებელს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა კომპანიის განვითარებაში. თქვენი იდეები, თანადგომა, რჩევები გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს მაი.ჯი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა, არის საქართველოში ციფრული სამყაროს უნიკალური პლატფორმა და უმარტივებს ცხოვრებას მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელს.

გვინდა მადლობა მოგახსენოთ მაი.ჯი-ს გუნდის თითოეულ წევრს, რომელთანაც მოგვიწია თანამშრომლობა ამ პერიოდის განმავლობაში. კომპანია თქვენთან ერთად იზრდებოდა და თქვენ ხართ მთავარი მიზეზი მაი.ჯი-ს წარმატების. ეს იყო დაუვიწყარი თავგადასავალი და თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას მოგახსენებთ. გვჯერა, რომ მაი.ჯი-ს გუნდი ნამდვილად ყველაფერს შეძლებს. წარმატებები თქვენ!

მადლობა TBC - თიბისი გუნდს, რომელმაც გამოხატა ნდობა კომპანიის მიმართ და დარწმუნებული ვართ ამ გუნდთან ერთად კომპანია მრავალ დიდ წარმატებას მიაღწევს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ,“- წერს გიგიტელაშვილი.

ცნობისთვის, 2019 წელს MY.GE „თიბისიმ“ შეიძინა და რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილი სწორედ „თიბისის“ ეკუთვნის.

MY.GE, რომელიც დღეს, 8 ვებგვერდს (myauto, mymarket, myhome,myjobs, myads, myshop, myparts, mysports) აერთიანებს, 2002 წელს სწორედ კახა და ლაშა გიგიტელაშვილებმა დააფუძნეს.

თაია არდოტელი