რამდენი პროცენტით გაიზრდება წელს საქართველოს ეკონომიკა - პროგნოზები

საქართველოში რეგულაციების შემსუბუქებისა და ეკონომიკის აღდგენის ფონზე სხვადასხვა ფინანსურმა ორგანიზაციამ და ქვეყნის ხელისუფლებამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლეს. ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით საქართველოს მთავრობა გამოირჩევა, რომელიც ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.5%-ით გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების წინა პროგნოზით ზრდა 7.7% უნდა ყოფილიყო.

შედარებით განსხვავებულ პროგნოზს აკეთებენ ეროვნულ ბანკში. უფრო კონკრეტულად ცენტრალური ბანკის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8.5%-ით გაიზრდება.

გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლეს ფინანსურმა ორგანიზაციებმაც. მაგალითად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10.5%-ით გაიზრდება. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის პროგნოზით კი მშპ-ს რეალური ზრდა 2021 წელს 9.5% იქნება, ეს კი ემთხვევა მთავრობის პროგნოზს. ამასთან, წინა პროგნოზით საინვესტიციო კომპანია ეკონომიკის 8.6%-იან ზრდას ვარაუდობდა.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 8%-ით გაიზრდება. შედარებით განსხვავებული პროგნოზი აქვს აზიის განვითარების ბანკს, რომელიც წელს საქართველო ეკონომიკის 8.5%-იან მატებას ელოდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი 2021 წელს ეკონომიკის საშუალო ზრდა 7.7% იქნება.

ნოდარ სირბილაძე