"სერვისების ხელმისაწვდომობა, რეფორმები ეფექტური მმართველობისთვის" - იუსტიციის მინისტრის ისრაელში ვიზიტის დეტალები

რატი ბრეგაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი რატი ბრეგაძემ და გიდეონ საარმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

„სერვისების ხელმისაწვდომობა; რეფორმები ეფექტური მმართველობისთვის; თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერება; მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება - ეს იყო მთავარი სასაუბრო თემები რატი ბრეგაძის ისრაელის იუსტიციის მინისტრ გიდეონ საართან შეხვედრის დროს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ რატი ბრეგაძე შეხვედრას გამართავს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ აიალეტ შაკედთან, მოგვიანებით კი, ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევთან, სადაც პრეზენტაცია გაიმართება ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.