„ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა მიმართულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რკინიგზა ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს - 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ამ სარკინიგზო ხაზზე 56,4%–იანი ზრდა დაფიქსირდა. ჩვენ შევძლებთ უკეთესად ვისარგებლოთ ამ ხაზით, როდესაც ის სრულად ამოქმედდება,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ტრანსკასპიურ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
„პროექტში მონაწილე ქვეყნები შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა პროექტი მალე დასრულდეს და შესაბამისად, მისი გამტარუნარიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ასევე შევთანხმდით პროცედურების გამარტივებაზე, რაც ხელს შეუწყობს ამ მაგისტრალზე ტვირთების ინტენსიფიკაციას და მარტივ მოძრაობას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.