Nestle-მ მცენარეული კვერცხისა და ვეგანური კრევეტების ბრენდირება დაიწყო

საკვები პროდუქტების შვეიცარული ჯგუფი Nestle კვერცხისა და კრევეტების მცენარეულ შემცვლელს უშვებს, რომელიც ორიგინალურის გემოსა და საკვების მახასიათებლებს ზუსტად იმეორებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც Reuters ავრცელებს.

ამით Nestle სწრაფად მზარდ ვეგანურ ბაზარზე თავის ასორტიმენტს აფართოებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპაში ბრენდირებული კვერცხის შემცვლელი პროდუქტი, Garden Gourmet vEGGie სოიოს ცილას და ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. მას ფრიტატაში, ანუ ომლეტში იყენებენ, ასევე, ნამცხვრებსა და ორცხობილებში ინგრედიენტის სახით ურევენ.

ვეგანური კრევეტები Vrimp კომპანიის ახალი პროდუქტია მას შემდეგ, რაც გასულ წელს Nestle-მ თინუსის თევზის შემცვლელი გამოუშვა. გენერალური დირექტორი, მარკ შნაიდერი აცხადებს, რომ კომპანიის ვეგანური პროდუქტების, მათ შორის მცენარეული ჰამბურგერისა და სოსისის გაყიდვებმა ორნიშნა ციფრს მიაღწია.

„ეს ხაზი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული ასაკობრივი და ან დემოგრაფიული ჯგუფით, არამედ მართლაც მეინსტრიმად და ფართო წრედ გადაიქცა,“ - აცხადებს მარკ შნაიდერი. გასულ წელს Nestle-ს ვეგანური პროდუქტების გაყიდვებმა მხოლოდ 200 მლნ შვეიცარულ ფრანკს (216 მლნ დოლარს) შეადგენდა, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების მოცულობის, 84 მლრდ ფრანკის უმნიშვნელო წილს წარმოადგენდა.

მთავარი ტექნიკური დირექტორი, სტეფან პალცერი აცხადებს, რომ Nestle-მ ახალი პროდუქტები წელიწადზე ნაკლებ დროში შეიმუშავა, რაშიც მცენარეულ მეცნიერებაში თავისი გამოცდილება გამოიყენა. შედეგად კომპნიამ მიიღო ბარდის ცილა, რომელსაც პარკოსანთა გემო არა აქვს.

„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ცხოველის ხორცის შემცვლელ ვერსიებთან, რადგან ამ ტიპის პროდუქტზე გადასვლა ადამიანებისთვის გაცილებით ადვილია,“ - აცხადებს სტეფან პალცერი.

ახალი ორი პროდუქტი, მცენარეული კვერცხი Garden Gourmet vEGGie და კრევეტების შემცვლელი Vrimp ევროპის ზოგიერთ ბაზარზე, მათ შორის შვეიცარიაში, თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობით გამოვა. პირველი მცენარეული ბურგერები Nestle-მ 2019 წელს გამოუშვა, დაახლოებით, სამი წლით გვიან, ვიდრე ინდუსტრიის ამერიკულმა პიონერებმა, Beyond Meat-მა და Impossible Foods-მა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ