Samsung Electronics ბოლო სამ წელიწადში ყველაზე დიდ კვარტალურ მოგებასა და რეკორდულ შემოსავალს მოელის. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მახსოვრობის მიკროსქემებზე ფასების ზრდითა და დასაკეცი ახალი სმარტფონების მზარდი გაყიდვებით არის განპირობებული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Refinitiv SmartEstimate-ის 16 ანალიტიკოსის მონაცემებით, მსოფლიოში სმარტფონებისა და მიკროსქემების უმსხვილესი მწარმოებლის მესამე კვარტლის ოპერაციული მოგება 16,1 ტრლნ ვონს (14 მლრდ დოლარს) შეადგენს. ეს შარშანდელ კვარტალურ მოგებაზე, 12,35 ტრლნ ვონზე 30%-ით მეტია და 2018 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და 74,6 ტრლნ ვონი შეადგინა, რაც, ასევე, რეკორდული მაჩვენებელია.
ჩიპების დეფიციტმა Samsung Electronics-ის აქციების გაძვირებას ხელი შეუწყო, რაც გასულ წელს 45%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში რეკორდულ დონეს მიაღწია. თუმცა სექტემბერში აქციების ფასმა მოიკლო, როცა ამერიკულმა პარტნიორმა, Micron-მა კომპანია გააფრთხილა, რომ ჩიპების მიწოდების ჯაჭვში ჩავარდნები იქნებოდა, ხოლო ივლისი-სექტემბრის პიკის შემდეგ, ჩიპებზე ფასები დაეცემა.
„Samsung-ის აქციები Micron-ის განცხადების გამო გაუფასურდა, თუმცა მისგან განსხვავებით, Samsung ახალ კომპონენტებს ნერგავს და ჩიპების გარდა, აქვს სხვა საწარმოებიც, როგორიცაა, მაგალითად, სმარტფონების ბიზნესი. ამასთან, მოველით, რომ ჩიპებზე ფასების მოკლევადიანი დაცემის შემდეგ, მომავალ წელს მათი ფასები ისევ აღდგება,“ - აცხადებს Hanwha Investment & Securities-ის ანალიტიკოსი, ლი სუნ ჰაკი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ