ქართველი პრიმაბალერინას მეღვინე ქმარი

”ფულის შოვნა მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმიტომ არა, რომ მის მონად იქცეს”

ღვინის მწარმოებელი კომპანია ”ასკანელი ძმების” პრეზიდენტი გოჩა ჩხაიძე პეტერბურგელთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბიზნესმენი და მეცენატია. ქართველი მეღვინე უკვე წლებია რუსეთის „მეორე დედაქალაქში“ ცნობილ მეუღლესთან, მარინის თეატრის პრიმაბალერინა ირმა ნიორაძესთან ერთად ცხოვრობს.

ძმებმა - გოჩა, ზურა და ჯიმშერ ჩხაიძეებმა „ასკანელ ძმებს“ საფუძველი 1998 წელს ჩაუყარეს. თავდაპირველად ძმებს საკუთარი ვენახები არ ჰქონდათ და ყურძენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მევენახეებისგან ყიდულობდნენ. მალე ჯერ კიდევ დამწყებმა მეღვინეებმა კახეთში 200 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახი შეიძინეს და ყურძნის მოყვანა დაიწყეს. თუმცა ასკანელი ძმების ისტორია გაცილებით ადრე, საუკუნეების წინ დაიწყო. ეს იყო გურიაში, სოფელ ასკანაში. მიიჩნევა, რომ თავისი სახელწოდება ასკანამ ბახუსის შთამომავლის, ენეასის ვაჟის, ასკანიუსისგან მიიღო. ასკანაში დღემდეა შემორჩენილი მარანი, რომელიც კომპანიის მფლობელთა წინაპარმა ანთიმოზ ჩხაიძემ დააარსა. ანთიმოზ ჩხაიძის მიერ დამზადებული ღვინოები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ყველაზე მეტად თეთრი მშრალი ღვინოები, ჩხავერი და ცოლიკაური ფასობდა. ერთ-ერთი უძველესი ქვევრი კი 1880 წლით არის დათარიღებული.

bpnოჯახური საქმის აღორძინება ძმებმა 15 წლის წინ გადაწყვიტეს და ღვინის მწარმოებელი კომპანია ”ასკანელი ძმები” დააარსეს. დღეს ჩხაიძეების კომპანია საკუთრ ვენახებს ფლობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მის მფლობელობაშია ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი უახლესი დანადგარებით აღჭურვილი თანამედროვე ქარხანაც. ”ასკანელი ძმების” ბრენდის ქვეშ კი 32 დასახელების ღვინო, 12 დასახელების ბრენდი და 4 დასახელების ჭაჭა გამოდის.

გოჩა ჩხაიძე საკუთრ თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ მამაკაცს უწოდებს. თუმცა, ბედნიერება მისთვის არა წარმატებული ბიზნესსაქმიანობაა, არამედ როგორც თვითონ ამბობს, ოჯახური მდგომარეობაა. „დიდხანს შეიძლება იმ პირადი ღირსებების ჩამოთვა, რომელიც მამაკაცს ამშვენებს, მაგრამ მთავარი ღირსება ოჯახური მდგომარეობაა - ცოლი, შვილები, ნათესავები“, - ამბობს ქართველი ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობილი ქართველი პრიმაბალერინა და ”ასკანელი ძმების” პრეზიდენტი ერთმანეთს 90-იან წლებში, ”მარინის თეატრში” შეხვდნენ. იმ დღეს ირმა ნიორაძე ბალეტ „კორსარში“ მედორას პარტიას ცეკვავდა. „ვარდების ორი თაიგულით მივედი. ერთი სცენაზე ვაჩუქე, მეორე თაიგულით ხელში კი გამოსასვლელთან ველოდები. რესტორან „პეტერგროფში“ დავპატიჟე. უარი არ უთქვამს, დამთანხმდა. იმ დღიდან მოყოლებული სულ ერთად ვართ“, - იხსენებს გოჩა ჩხაიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ”ასკანელი ძმების“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს მუშაობა ძირითადად მოსკოვში უწევს, ცხოვრება კი პეტერბურგში, თბილისი მისთვის მაინც მშობლიური ქალაქია. ამბობს, რომ ოჯახშიც დღემდე ინარჩუნებენ ყველაფერ კარგს, რაც ქართველებს გვაქვს და ცდილობენ, ეს ფასეულობები თავიანთ ბიჭუნასაც გაუზიარონ. პეტერბუგრში ქართველი ბიზნესმენი ასევე აქტიურად არის ჩართული ქართული დიასპორის საქმიანობაში, რომელიც ხშირად აწყობს საქველმოქმედო აქციებს.

„საერთოდ ქართველები ძალიან გულუხვი ხალხი ვართ და არ შეგვიძლია განზე დავდგეთ კეთილი საქმეებისგან. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დაავადებულ ბავშვებს ეხებათ. ირმასაც ძალიან უყვარს ასეთ აქციებში მონაწილეობა. ხშირად ვეხმარებით სხვადასხვა საბავშვო ბაღებსაც როგორც ფინანასურად, ასევე საჩუქრებით“, - ამბობს გოჩა ჩხაიძე ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში. მისი დახმარებით პეტერებურგში ასევე საკმაოდ ხშირად იმართება სხვადასხვა სახის ქართული ფესტივალები, მათ შორის ქართული კინოსა და მუსიკის ფესტივალი.

როგორ ახერხებს ერთდროულად იყოს წარმატებული კომპანიის პრეზიდენტიც და სხვადასხვა ფესტივალების ორგანიზატორიც, გოჩა ჩხაიძე ამბობს, რომ ბიზნესი დროის საკითხი კი არა, ორგანიზებისა და უფლებამოსილების დელეგირების უნარია.  „რა თქმა უნდა, ფულის შოვნა მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმიტომ არა, რომ მის მონად იქცეს. თუ ბიზნესმენი ამბობს, რომ დრო არ აქვს, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია დროის სწორად დაგეგმვა“, -გოჩა ჩხაიძე.

მარი ჯავახიშვილი