სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა იყიდება - ,,აღმოჩნდა, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური კადრები სჭირდებოდა ამ ფერმას“

სამეგრელოში, აბაშაში 3 ჰექტარზე გაშენებული ლოკოკინების ფერმა იყიდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ფერმის დირექტორი სოსო კაჭარავა აცხადებს, გაყიდვის გადაწყვეტილება ფერმის სპეციფიკამ და კვალიფიციური კადრების ნაკლებობამ მიაღებინა.

,,აღმოჩნდა, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური კადრების ჭირდებოდა ამ ფერმას, მეტი დროც. ჩვენ სამწუხაროდ, ეს რესურსები არ აღმოგვაჩნდა, რადგან პარალელურად ჩვენი კომპანია უკვე წლებია დაკავებულია სხვა საქმიანობითაც. ალბათ, ამის გამოც, დროც ნაკლები დაგვრჩა ფერმისთვის, ამიტომ წელიწად-ნახევრის თავზე მივიღეთ გადაწყევიტილება, გავყიდოთ"- განაცხადა სოსო კაჭარავამ.

როგორც ფერმის მფლობელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფერმაში არის ლოკოკინების საჩეკი ინკუბატორი 1000 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა, სრული კლიმატკონტროლით, ცალკე სასაწყობე მეურნეობით, გათვალისწინებული სამაცივრე განყოფილების სივრცით. ამასთან, ფერმაში განთავსებულია ლიჩბოქსები ახლად დაბადებული ლოკოკინების ჩასასმელად, პლასტმასის ყუთები ლოკოკინის ფართობიდან ამოსაყვანად. ლოკოკინების ჩასასმელი სივრცე, სულ 104 სექცია. ფერმამდე მიყვანილია საავტომობილო გზა. ტერიტორიაზე განთავსებულია საოფისე შენობა-ნაგებობა. ფერმა 1 მილიონ ლარად იყიდება.

თამარ მუკბანიანი