პარლამენტი კომიტეტების ფარგლებში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი კომიტეტების ფარგლებში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს.

8 ოქტომბერს საბიუჯეტო პროექტს თავდაპირველად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაგრძელდება.

საბიუჯეტო პარამეტრებს კომიტეტებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, 1 მილიარდ ლარზე მეტით - უფრო ზუსტად კი, 1 055 470 800 ლარით მცირდება.

პროექტის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 18 443 276 00 ლარს შეადგენს. (2021 წლის ბიუჯეტი 19 498 746 800 ლარია).

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით - კერძოდ, 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი).

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, სახელმწიფო პენსიის ზრდა და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით.

ამასთან, მთავრობა მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელს არსებული 7,7%-დან 9,5%-მდე ზრდის, გაისად კი ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებს.

რაც შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინს, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლისთვის 8.9%-მდე გაიზრდება, მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში ფასების საერთო დონის შემცირებას და 2022-2025 წლებში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნებას ელის.