სიძულვილის ენის შემცველი და აგრესიის გამომწვევი რეკლამის განთავსება შესაძლოა, აიკრძალოს

8 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გარე რეკლამის გამავრცელებელი კომპანიის “ალმას“ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომლის საფუძველზეც სიძულვილის ენის შემცველი და აგრესიის გამომწვევი რეკლამის განთავსება აიკრძალება.

შპს “ალმა“ ცვლილებების განხორციელებას “საარჩევნო კოდექსსა“ და “რეკლამის შესახებ“ კანონში ითხოვს.

როგორც კომპანია აღნიშნავს, მათ კუთვნილ გარე რეკლამის კონსტრუქციებზე სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო ბანერების გამოჩენას საზოგადოების ნაწილის მხრიდან სამართლიანი და ობიექტური ხასიათის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

“ალმა“ აცხადებს, რომ ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც სიძულვილს, აგრესიას და საზოგადოების პოლარიზაციას იწვევს.

“აღნიშნული სარეკლამო ბანერების განთავსებას არ ვეთანხმებით, იმის გათვალისწინებით, რომ სიძულვილის ენის გამოყენება, საზოგადოების პოლარიზაციისა და აგრესიის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ჩვენ როგორც რეკლამის გამავრცელებლებს, რეკლამის დამკვეთისთვის მომსახურების გაწევაზე უარის თქმის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი არ გვქონდა“, - ვკითხულობთ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში.

“ალმას“ შეფასებით, პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება რეკლამის გამავრცელებლებს შესაძლებლობას მისცემს, რეკლამის დამკვეთებს სიძულვილისა და აგრესიის პროპაგანდის შემცველი, შეურაცხმყოფელი სარეკლამო საშუალებების განთავსებაზე, ლეგიტიმური უარი განუცხადონ.