წყალდიდობამ ტაილანდური რესტორნის მოგება გაზარდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ჩრდილოეთით, ნონტჰაბურში არის რესტორანი, რომელიც წყალდიდობის შედეგად ხეირობს და უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე წყლის დონის მომატებამდე მუშაობდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მდინარე ჩაო პრაიას სანაპიროზე მდებარე Chao Phraya Antique Cafe-ს ტალღებში ჯდომა და სადილი მომხმარებლებს მეტად იზიდავს. სოციალურ ქსელებში მეტად პოპულარულია ვიდეო, რომელშიც მომხმარებლები წყალზე სადილობენ, გვერდით კი გრძელი ნავები დაცურავენ.

„რასაც კრიზისად ვთვლიდი, შესაძლებლობად გადამექცა. კლიენტებს ტალღები ძალიან მოწონთ,“ - აცხადებს რესტორნის მფლობელი, ტიტიპორნ ჯუტიმანონი. ის დარწმუნებული იყო, რომ წყალდიდობა ტაილანდში მის ბიზნესს ბოლოს მოუღებდა, რომელიც ისედაც ებრძოდა პანდემიას, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაში მომხდარმა სტიქიამ ჯუტიმანონს წარმოუდგენელი შესაძლებლობა მოუტანა. რესტორნის დახურვის ნაცვლად, ის ტაილანდში ერთ-ერთ ცნობილ ადგილად გადაიქცა და ფურორს ახდენს.

ტიტიპორნმა კოვიდპანდემიის დროს რესტორანი ერთხელ უკვე დახურა, მაგრამ ამჟამად მეტად გახარებულია, რომ წყალდიდობას გადაურჩა.

„მომხმარებლებს შექმნილი ატმოსფერო მოწონთ, როცა ბარბექიუს მირთმევასთან ერთად დაისს გაჰყურებენ. წყალდიდობა დამატებით უნიკალურ ფაქტორად გადაიქცა,“ - აცხადებს რესტორნის მფლობელი.

მისი თქმით, სტუმრები მეტად ერთობიან და ხარობენ, როცა რესტორანში შემოვარდნილი ტალღა მათ ხის სკამებს აყირავებს.

„ეს გასართობი გამოწვევაა, როცა არ იცი, თუ როდის გაიწუწები ჭამის დროს,“ - ხუმრობს 30 წლის მომხმარებელი, ჯეტდანაი ბუნროდი.

ბანგკოკის ცნობილი მდინარის ადიდების შედეგად ტაილანდში ოცდაათამდე ჩრდილო და ცენტრალური პროვინცია დაზარალდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ