ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, ვის შეეძლება საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ შეეძლებათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შეეხებათ, როგორც „ფაიზერით“, ასევე სხვა ვაქცინით აცრილებსაც.

„რაც შეეხება „ბუსტერ“ დოზებს, მისი გაკეთება ჩვენს მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ მას შემდეგ, რაც ისინი მეორე აცრიდან 6 თვეს დაითვლიან. ეს შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, ასევე სხვა ვაქცინებით ვაქცინირებულებსაც მიეცათ ხელმისაწვდომობა იმისთვის, რომ გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზა.

ქრონიკული დაავადების მქონე პირებს რაც შეეხებათ, მკურნალი ექიმის დასკვნის საფუძველზე და ასევე იმ ინფორმაციით, რა თანმხლები დაავადება აქვს ადამიანს, რეგისტრაციის პერიოდში, არსებული ბაზიდან, რომელიც სამინისტროს აქვს, შესაძლებელი იქნება გაირკვეს, რომელი პაციენტი საჭიროებს დამატებით „ბუსტერ“ დოზას, რომელზეც საბჭომ გუშინ გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ. კერძოდ, 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდებათ.