კომიტეტებსა და ფრაქციებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი დაიწყო

პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის პროცესი ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით დაიწყო.

ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო და იმ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც მომდევნო წლის ბიუჯეტი დაიგეგმა.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 4, 4%- იან ზრდაზე.

როგორც კაკაურიძემ განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტი პანდემიის მაღალი მაჩვენებლის პირობებში დაიგეგმა და შესაბამისად, ის პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული. მოგვიანებით განხორცილებული საბიუჯეტო ცვლილებებით ბიუჯეტში ის ტენდენციები აისახა, რაც აპრილის შემდეგ ქვეყანაში იყო - გაიზარდა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი და შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი.

“ივნისის შემდგომ არსებული მონაცემები საკმაოდ კარგია, რაც გვაძლევს საფუძველს კიდევ ერთხელ განვაახლოთ და გავზარდოთ მიმდინარე წელს ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი - ნაცვლად 7,7%-ისა, წარმოდგენილ ბიუჯეტში წლევანდელი პარამეტრი 9,5%-ით არის ასახული. მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 6%-ია. ჩვენ წელს და მომდევნო წელს უნდა შევძლოთ და საკმაოდ დიდი მოცულობით შევამციროთ საბიუჯეტო დეფიციტი. სწორედ ამას ეფუძნება წელს წარმოდგენილი ბიუჯეტი. წელს გვაქვს 6,9% დეფიციტი, რომლის შემცირებაც 6,6%-მდე არის ნავარაუდევი“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებელმა განმარტა, რომ ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება და არის 15 მლრდ 193 მლნ ლარი. მისივე განმარტებით, სწორედ ეს თანხა იძლევა საშუალებას ერთი მხრივ შემცირდეს დეფიციტის მაჩვენებელი და რიგი მიმართულებებით გაიზარდოს ხარჯვითი ნაწილი.

დეფიციტის შემცირება ითვალისწინებს ვალის შემცირებასაც. ვალის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 61%-ს შეადგენს, რაც ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კრიტიკული ზღვარია. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ვალის მაჩვენებელი პანდემიამდე არსებულ პარამეტრს - 40%-იან ნიშნულს უნდა დაუახლოვდეს.

ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს. თანხების გადანაწილება სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით, ჯანდაცვის, ეკონომიკური და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების კუთხით არის განსაზღვრული.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებისთვის პენსიების 20 და 25 ლარით ზრდას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის პროგრამებისთვის 500 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით - 820 მილიონი ლარი.

გაზრდილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და შეადგენს 2 მლრდ 844 მლნ ლარს, რაც მომხსენებლის განმარტებით, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებას უკავშირდება.

განათლების მიმართულებით, ბიუჯეტი 1 იანვრიდან საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასების 100 ლარით ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტით ასევე განსაზღვრულია სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდა.

გიორგი კაკურიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა გამოინახოს რესურსი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების გასაზრდელად.

დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად, მინისტრის მოადგილის განცხადებით 1მლნ. 200 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტშია ასახული.

2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.