აფხაზები კრიპტომაინინგს ვერ აკონტროლებენ და ინტერნეტ-რესურსების გათიშვაზე გადადიან

აფხაზეთში იმ ინტერნეტ-რესურსების მუშაობა შეიზღუდება, რომლებიც კრიპტოვალუტის წარმოების საშუალებას იძლევიან. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან ხალვაშმა სააგენტო "აფსნიპრესს" განუცხადა.

„ეს არის სრულიად ახალი ტექნიკური დონე, ანუ VPN-ები დაიხურება. ჩვენ მივიღეთ ახალი აღჭურვილობა, რომელსაც კრიპტომაინინგთან ბრძოლაში სხვა ტექნიკურ დონეზე ავყავართ,“ - აცხადებს ხალვაში.

მან, ასევე, არ გამორიცხა, რომ მაინინგ-ფერმების მეპატრონეები, ახალი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით, სხვა გზებს ეძებდნენ. თუმცა ხალვაშის თქმით, ხელისუფლება კრიპტოვალუტის წარმოების დაბლოკვისთვის დამატებით შესაძლებლობებს გამონახავს.

აფხაზეთის ელექტროქსელი მოუვლელობის გამო ცუდ მდგომარეობაშია და დატვირთვას ვერ უძლებს. ამასთან, დაბალი გადასახადის გამო, აფხაზეთში კრიპტომაინინგი ყვავის, რაც ქსელზე კიდევ უფრო დიდ დატვირთვას ქმნის და ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვებს იწვევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ