გადავა თუ არა ბელგია 4-დღიან სამუშაო კვირაზე - ქვეყნის პარლამენტში კანონის მიღებაზე მუშაობს

Euronews-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბელგიაში შესაძლოა, 4-დღიანი სამუშაო კვირა დაწესდეს, რის შესახებაც ქვეყნის პარლამენტი გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

ბელგიის ეკონომიკისა და შრომის მინისტრის, პიერ ივ დერმანჟის თქმით, აღნიშნული საკითხის შესახებ განხილვა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და ფედერალური მთავრობა ინფორმაციას მალე გაავრცელებს.

დერმანჟი აცხადებს, რომ 4-დღიან სამუშაოზე გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ბელგიის მოსახლეობას სამუშაო საათები შეუმცირდებათ. ამის ნაცვლად მათ საშუალება ექნებათ სამუშაო საათები სურვილის მიხედვით 5-ის ნაცვლად 4 დღეზე გადაანაწილონ.

დღესდღეობით საშუალოდ, ბელგიელები კვირაში 38 საათს მუშაობენ. შესაბამისად, 4-დღიანი განრიგის შემთხვევაში მათ დღეში 9-10 საათი მუშაობა მოუწევთ.

კანონის მიღების შემთხვევაში თითოეულ დასაქმებულს ექნება არჩევანის გაკეთების უფლება - დარჩეს სტანდარტულ სამუშაოზე ან, კვირაში 4 დღე იმუშაოს.

„ჩვენი აზრით ეს მისაღები იქნება დასაქმებულებისთვის და მათი უმეტესობა 4-დღიან სამუშაო კვირას აირჩევს. თუმცა, სურვილის შემთხვევაში მათ შეეძლებათ სტანდარტულ განრიგზე დარჩნენ“- აცხადებს პიერ ივ დერმანჟი.

Euronews-ის მიხედვით, კანონის მიღების შემთხვევაში მის ამოქმედებას 6 თვე დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ბელგია არაა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი პრაქტიკა მკვიდრდება.

2015 წლიდან ისლანდიაში 4-დღიან სამუშაო კვირაზე არაერთი კომპანია გადავიდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც 4 დღეს მუშაობდნენ ნაკლებად სტრესულები და უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე ის პირები, რომლებიც კვირაში 5 დღე მუშაობენ. ამასთან, შვილებისა და პირადი ცხოვრებისთვის მათ გაცილებით მეტი დრო რჩებათ, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

ბექა ბერიაშვილი