უკრაინის ავიაკომპანიამ პერსონალი ჩაცმულობის თავისუფალ სტილზე და ბოტასზე გადაიყვანა

უკრაინის ავიაკომპანიამ ბორტგამცილებლების ჩაცმულობაში მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მოკლე ქვედაკაბაზე უარი თქვა და ბოტასსა და თავისუფალ სტილზე გადავიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მუშაობის შვიდწლიანი სტაჟის მქონე უფროსმა ბორტგამცილებელმა, ალექსანდრინა დენისენკომ სააგენტოს განუცხადა, რომ მუშაობის დროს ზოგჯერ წუთითაც ვერ ჩერდება, ამიტომ ოცნებობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მრავალსაათიანი ტარების გამო გადაღლილი და შეშუპებული ფეხები დაასვენოს.

უკრაინის კერძო ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა, სადაც დენისენკო არის დასაქმებული, გადაწყვიტა, ბოლო მოუღოს მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მოკლე ქვედაკაბებს მას შემდეგ, რაც უნიფორმების შესახებ ბორტგამცილებლები გამოკითხა.

SkyUp-ის ახალი უნიფორმა ქალებისთვის ახლა უკვე Nike-ის თეთრი ბოტასის, ღია ნარინჯისფერი შარვლისა და პიჯაკისგან შედგება. ბლუზა თეთრმა მაისურმა შეცვალა, ხოლო კოსტუმს აბრეშუმის შარფი ამშვენებს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ბორტგამცილებლების უნიფორმის საკითხი შეისწავლეს და გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ ჩაცმულობის „კონსერვატიულ ელემენტებზე.“ შეიცვლება ქალი ბორტგამცილებლების ვარცხნილობაც და ნაწნავს თმის აფუებული ან ე.წ. პონის კუდის სტილი ჩაანაცვლებს.

„გამოვიკვლიეთ, რომ ქალი ბორტგამცილებლის იმიჯი მეტად რომანტიზებულია, მაგრამ მათი სამუშაო სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს,“ - აცხადებს SkyUp Airlines-ის მარკეტინგის განყოფილების უფროსი, მარიანა გრიგორაში.

ახალი უნიფორმის ხმარებას ოფიციალურად 22 ოქტომბრიდან დაიწყებენ. გრიგორაშის თქმით, კომპანია ახალი უნიფორმების შემოღებას მამკაცებისთვისაც გეგმავს. ჟილეტს მსუბუქი კოსტუმი, ხოლო პერანგს მაისური ჩაანაცვლებს, რაც მთლიანობაში Nike-ის შავ ბოტასთან იქნება შერწყმული.

„თუკი მთელი მსოფლიო და მოდის ყველა მოხელე ბოტასს ატარებს, რატომ არ უნდა დავნერგოთ ის ავიაციაში?!“ - აცხადებს ბორტგამცილებელი, ზორიანა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ