საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი ისევ იზრდება - ქმნიან თუ არა მეზობელი ქვეყნები მარაგებს?

EastFruit-ის ანალიტიკოსებმა საქართველოდან კარტოფილის მაღალი ექსპორტი, ივლისი აგვისტოს შემდეგ, სექტემბერშიც დააფიქსირეს. მიზეზი ის არის, რომ მეზობელი ქვეყნები კარტოფილის მარაგში დეფიციტის შევსებას ისევ ცდილობენ.

ასე იყო ივლისი-აგვისტოშიც, როცა ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო ბაზარზე, ანუ რუსეთში იმპორტიორებმა იმდენად დიდი რაოდენობით ქართული კარტოფილი შეიძინეს, რომ ადგილობრივი მარაგი მეტად შემცირდა, რის შესავსებადაც საქართველოში კარტოფილის იმპორტის გაზრდა გახდა საჭირო, ივლისი-აგვისტოს იმპორტში კი 97%-იანი წილით კვლავ თურქეთი ლიდერობდა.

სექტემბერში საქართველოდან სულ 6,2 ათასი ტონა კარტოფილი გავიდა, რომლის 83% რუსეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით იქნა ექსპორტირებული, დარჩენილი 17%-ის ექსპორტი კი უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და სლოვენიაში განხორციელდა. ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთის წილი 45% იყო.

EastFruit ქართული კარტოფილის ექსპორტის საინტერესო მხარედ ფასთა სხვაობას ასახელებს. მაგალითად, რუსეთში ექსპორტიორებს ტონაზე 430 დოლარი გადაუხადეს, რაც სომხეთში ექსპორტის ფასს 1,5-ჯერ აღემატება. სომხეთში ქართულ კარტოფილზე, რუსეთის შემდეგ, ყველზე მაღალ ფასს, ტონაზე 280 დოლარს იხდიან. ყველა დანარჩენი საექსპორტო ფასი ტონაზე 135 დოლარზე დაბალი იყო.

სექტემბრის მსხვილ იმპორტიორებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ასეთია:

  • რუსეთი - 3 000 ტონამდე - 1ტ. 430 დოლარად
  • აზერბაიჯანი - 2 500 ტონამდე - 1ტ. 130 დოლარად
  • უკრაინა - 500 ტონაზე მეტი - 1ტ. 120 დოლარად
  • მოლდოვა - 250 ტონაზე მეტი - 1ტ. 100 დოლარად
  • სომხეთი - 250 ტონამდე - 1ტ. 280 დოლარად

„ქართული კარტოფილის ახალ მოსავალზე რუსეთის გაზრდილი მოთხოვნა განპირობებულია ძლიერი წვიმებით, რაც რუსეთში კარტოფილის აღებას ართულებს, ამიტომ ადგილობრივი მარაგი მეტად შეზღუდულია. ამასთან, წელს რუსული კარტოფილის მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს ყველაფერი კარტოფილის ფასების ზრდას იწვევს და რუსეთის ბაზარზე იმპორტის საჭიროებას აჩენს. როგორც ჩანს, რუსები ცდილობენ, ფასები შეინარჩუნონ, რამაც საქართველოდან უფრო მეტი კარტოფილი უნდა მიიზიდოს, რადგან საქართველოში საშუალო ფასი, რუსეთთან შედარებით, 38%-ით დაბალია,“ - წერს EastFruit.

პორტალის პროგნოზით, არსებულმა მდგომარეობამ ქართველი მომხმარებლისთვის შესაძლოა, კარტოფილი გააძვიროს, რადგან ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მარაგი რუსეთში იქნება ექსპორტირებული.

„ქართული კარტოფილის ინდუსტრია ასეთ გარემოებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც წააწყდა, როცა რუსებმა ქართული კარტოფილი დიდი რაოდენობით შეიძინეს, რის შედეგადაც საქართველოში კარტოფილის საშუალო ფასი ივლის-აგვისტოში, შარშანდელთან შედარებით, 90%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 30%-ით გაიზარდა,“ - წერს პორტალი.

EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მონაცემებით, ქართულ ბაზარზე კარტოფილის გაძვირება უკვე დაწყებუილია: 24 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე 1 კგ. კარტოფილის საშუალო ფასი 0,29 დოლარიდან 0,32 დოლარამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ