2050 წლისთვის 5 მილიარდამდე ადამიანს უწყლობის პრობლემა შეექმნება - გაეროს ექსპერტები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო მეტეოროლოგიური სააგენტოს (WMO) განცხადებით, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი გლობალური დათბობა მომავალში კაცობრიობას კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის და დღეისათვის არსებული დასახლებების დიდი ნაწილის გაუკაცრიელებას გამოიწვევს.

ექსპერტების მტკიცებით გლობალური დათბობა მომავალში წყლის რესურსების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს და 2050 წლისთვის 5 მილიარდამდე ადამიანს წყალზე წვდომა შეეზღუდება.

გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოხსენების თანახმად ჯერ კიდევ 2018 წელს 3.8 მილიარდ ადამიანს წლის სულ მცირე 1 თვის განმავლობაში წყალზე არასათანადო წვდომა ჰქონდა, წლიდან წლამდე კი მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით მყინვარებზე თოვლის საფარის ფენა წელიწადში დაახლოებით 1 სანტიმეტით მცირდება. ათწლეულების შემდეგ სავსებით მოსალოდნელია, რომ მყინვარების დიდი ნაწილი დადნეს და ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე დარჩნენ.

ამასთან, როგორც ცნობილია, ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი ანტარქტიდის კონტინენტსა და კუნძულ გრენლანდიაზე დაფიქსირდება. საფრთხე ემუქრებათ იმ დასახლებებსაც, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და რომლებიც ცხელ ქვეყნებშია განლაგებული.

მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ წყლის რესურსების შემცირებასთან ერთად გახშირდა წყალთან დაკავშირებული სტიქიური უბედურებებიც. 2000 წლიდან დღემდე მათი რაოდენობა 134%-ით გაიზარდა.

მსგავსი სტიქიური კატასტროფები განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია გაზრდილი.

ამასთან, დედამიწაზე 30 პროცენტით გახანგრძლივდა გვალვის პერიოდი, რაც განსაკუთრებულად აფრიკის კონტინენტზე შეინიშნება.

ბექა ბერიაშვილი