ბათუმში დანგრეული კორპუსის ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გეოლოგები შეისწავლიან 26 მაისის ქუჩაზე დანგრეული კორპუსის ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას, თუ რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება.

რიჟვაძის განმარტებით, გეოლოგები შენობების შესწავლას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მაშველები სამუშაოებს დაასრულებენ.

„მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. ჩვენი ინფორმაციით, ვეძებთ 3 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მარჯვნივ მდგომი შენობაც ავარიულია. ამის შესახებ როსტომაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს.