ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

„ახალგაზრდა ქალი, დღეს, 9:35 საათზე გარდაიცვალა. პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში. სასწრაფო დახმარების მანქანაშივე დამძიმდა მისი მდგომარეობა, დაფიქსირდა გულის გაჩერება, „ემერჯენსში“ აღდგა გულის მუშაობა და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა გულის გაჩერება აღდგენით. ძირითადი დიაგნოზი იყო ქრონიკული ზეწოლის სინდრომი, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა და სისხლდენა,“- განაცხადა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა.

რაც შეეხება ნანგრევებიდან ამოყვანილ კიდევ ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობაც მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.